ფილარმონიის შენობის რეაბილიტაცია იწყება

„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე წლებია, საკონცერტო დარბაზი მოძველებულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე საკონცერტო სივრცისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დედაქალაქს დაუბრუნდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მთავარი საკონცერტო სივრცე. ამავდროულად, ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად, იწყება პროექტი – „ფილარმონია დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც, უკვე მიმდინარეობს შენობაში შემორჩენილი ღირებული აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება.