ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მსოფლიო კინოს ლეგენდის, ენიო მორიკონესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ – ასე ერქვა საღამოს, რომელმაც გენიალური კომპოზიტორის შემოქმედების ერთგული მსმენელი გააერთიანა. პირველად საქართველოში ცნობილმა მესაყვირემ ნელო სალცამ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უკვდავი მუსიკა გააცოცხლა და მსმენელს მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიის შესახებ უამბო. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ სოფო ხალვაში, გიორგი შიოლაშვილი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.