პარიზში ფრანგი ფერმერების აქცია მიმდინარეობს. ევროკავშირსა და მერკოსურს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად, ფრანგი ფერმერები პარიზში 350-მდე ტრაქტორით ჩავიდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, ევროპის ბაზარზე იაფი პროდუქცია მოხვდება და ადგილობრივი მეწარმეები დაზარალდებიან. ტრაქტორების ნახევარი ტრიუმფალურ თაღთან განათავსეს, მეორე ნახევარი კი – საფრანგეთის პარლამენტის შენობასთან. როგორც ფრანგული მედია წერს, 20 იანვარს ფერმერები აქციის ჩატარებას სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან 25 წლის შემდეგ, ევროკავშირმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმებას მერკოსურის სავაჭრო ბლოკთან, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაის და ურუგვაის, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცება სჭირდება.