ფერისცვალება

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ილია მეორეს მიმართვა არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა, რომელმაც მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და ლოცვისკენ მოუწოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. ფერისცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე, – ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება.