ქართველი ემიგრანტის შემოქმედება ამჯერად ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაცოცხლდება.
ლევილში დაკრძალულმა ფელიქს ვარლამიშვილმა ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. „დაბრუნება“ ასეა დასათაურებული ექსპოზიცია, სადაც მხატვრის მიერ შესრულებული და მუზეუმის მიერ სხვადასხვა აუქციონზე ნაყიდი გრაფიკულ-ფერწერული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ფრანგული მოდერნისტული სკოლის ქართველი წარმომადგენლის მოღვაწეობა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა არგენტინაშიც.
მხატვარმა, რომელმაც ქვეყანა 1920-იან წლებში დატოვა, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. თუმცა საქართველოსადმი მისი დამოკიდებულება, ყველა ნამუშევარში იგრძნობა. ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნიდან შვიდი წლის იუბილეს აღნიშნავს.