ფეხბურთში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი ექსკლუზიურად პირველ არხზე

18:31, 31.07.2026

საქართველოს პირველი არხი ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში, საზოგადოებას ექსკლუზიურად შესთავაზებს. ტრანსლაციები მოიცავს ყველა მატჩის პირდაპირ ეთერს, ორ სატელევიზიო არხზე: პირველი არხი და პირველი არხი სპორტი, საქართველოს რადიოს ეთერში და პირველი არხის უფასო სტრიმინგ პლატფორმაზე 1tvplay.ge. ევრო 2028-ის ლიცენზია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან თანამშრომლობით შეისყიდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩები, გარდა სპორტული მნიშვნელობისა, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, მასპინძელ მაუწყებელზე – პირველ არხზე უპრეცედენტო, რეკორდული ყურებით იყო გამორჩეული. „ევრო 2024-მა დაუვიწყარი მოგონებები დაგვიტოვა, ჩვენმა ნაკრებმა მოედანზე დაწერა ისტორია, ხოლო საქართველოს პირველმა არხმა ეს ისტორია თითოეულ ოჯახამდე, ადამიანამდე მიიტანა და საერთო ზეიმად აქცია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევრო 2028-ის ექსკლუზიური მაუწყებლობის უფლება შეისყიდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მაყურებლისთვის უფასოდ და ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, 2028 წელსაც გამარჯვებით კვლავ გავაერთიანებთ საზოგადოებას ჩვენი პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევრო 2028-ს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 2028 წლის 9 ივნისიდან 9 ივლისამდე უმასპინძლებენ.

მსგავსი