საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, დაჯილდოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. წერილში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე წარდგენილი თავდაპირველი სია, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული. ფედერაციის განცხადებითვე, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. „ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად.
გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ, სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი. ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა – მთავარ პრიორიტეტსა და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას,“ – აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში