პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მისამართით გავრცელებულ ბულინგსა და კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი კობახიძე წერს: „ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება, შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დადგომოდა,“ – წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ფონდმა „ქართუმ“ დაპირებისამებრ ნაკრებს 30 მილიონი ლარი გადასცა. გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ, თანაგუნდელების სახელით, ფონდსა და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.