ფეიქრიშვილების საქმეზე პროკურატურამ შვიდ პირს ბრალი წარუდგინა
გახმაურებული საქმის რეზონანსული გაგრძელება.
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ცოტა ხნის წინ წასულ გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელს, რამაზ ფირცხალავას ბრალი წაუყენეს. ბრალი დაუმძიმდა იმ ხუთ პატიმარს, რომლებიც დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეში ფიგურირებენ. მათ შორის არიან ავთო ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი. ერთი თვის წინ მე-8 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე იუსტიციის სამინისტროდან პროკურატურაში გაგრძელებული გამოძიება შვიდი ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დასრულდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დავით ფეიქრიშვილზე ავთო ბილანიშვილმა, ვატო და შოთა ყიფიანებმა და კიდევ ორმა პატიმარმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ძალადობა ერთჯერადი არ ყოფილა. დავით ფეიქრიშვილი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა პატიმარზე ფიზიკურ ძალადობას პენიტენციური სამსახური უარყოფდა და თვითდაზიანებებზე მიუთითებდა. პატიმარს პროკურატურამ დღეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.