„9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს ღირსეული წვლილი მიუძღვის, ამ წვლილის, მსხვერპლის, გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.“ – წერს შალვა პაპუაშვილი.