ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
სურსათზე მზარდი ფასები და მაღალი ფასნამატის გამომწვევი მიზეზები – საპარლამენტო კომისია დარგის წარმომადგენლების მოსმენას განაგრძობს. მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შემდეგ დეპუტატები მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სწორედ მათი მისამართით გაჟღერდა წინა შეხვედრების მონაწილეების მხრიდან პრეტენზიები. სასურსათო პროდუქციაზე მაღალ ფასნამატს დისტრიბუტორები და მეწარმეები ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადით და მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერებით ხსნიან. შესაბამისად, სწორედ საცალო მსხვილი ქსელური ოპერატორების მისამართით აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელიც სპეციალურ სამთავრობო კომისიასთან ერთად ფასების შემცირების გზებს ეძებს და ამ მიზნით გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. დღევანდელ შეხვედრაზე ბრალდებებს კონტრბრალდებებით უპასუხეს.