ფასების შემსწავლელი კომისიის სხდომა
შესაძლებელია თუ არა ფასების შემცირება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დღეს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმინა. დღევანდელი შეხვედრით საკანონმდებლო ორგანოში სურსათთან დაკავშირებით ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დასრულდა. „კარფურის,“ „ნიკორას,“ „ორი ნაბიჯის“ და „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენლების თქმით, სურსათის ფასები მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული და საბოლოო ფასის დადგენის პროცესი მრავალკომპონენტიანია. მათ საკუთარ ქსელებში ე.წ. ქეშბექების არსებობა დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მარკეტინგული მომსახურებისთვის სხვადასხვა პროდუქტებზე განსხვავებული პროცენტია და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფაქტობრივად არ ვრცელდება ეს „ქეშბექი.“ პროდუქტების ფასდაკლების რესურს დიდი ქსელური მარკეტები ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაში, ქსელების კიდევ უფრო გაფართოებაში და ადამიანური რესურსების ახალ პოლიტიკაში ხედავენ.