კომპანიები, რომელთა მიმართ სურსათის ფასნამატის კუთხით ყველაზე მეტი პრეტენზია ისმის – დღეს პარლამენტში მცირე და საშუალო ქსელური მარკეტების წარმომადგენლები მივიდნენ.
საცალო ქსელების ოპერატორებს იმ მიზეზებსა და ფაქტორებზე მოუხდათ საუბარი, რაც სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს იწვევს. მოპასუხე მხარე მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მიერ დასახელებული ხელოვნური ბარიერების შექმნაში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ბაზრების დაკეტვის გამო ცალკეული პროდუქტების დეფიციტი, მაღალი საიჯარო გადასახადები, მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები – სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა მაღალი ფასების გამომწვევ რამდენიმე გარემოებაზე მიუთითეს. გაკეთდა არაერთი განმარტება ე.წ. ქეშბექებზე და ფასდაკლების აქციებზე. იმ ფონზე, რომ საპარლამენტო კომისიის წინა შეხვედრებზე მაღალი ფასნამატის მთავარ მიზეზებად მეწარმეებმა და სადისტრიბუციო კომპანიებმა, ძირითადად, ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები დაასახელეს, დღევანდელი შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო. მოსმენამ ხმაურიანად ჩაიარა. ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლის და ყველა მხარის მოსმენის შემდეგ კომისიამ დასკვნა უნდა მოამზადოს, რისთვისაც ვადა აპრილამდე აქვს.