ფასების საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის სხდომა

ქსელური მარკეტების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები, მაღალი გადასახადები და ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციისთვის არაკონკურენტული პირობების შექმნა – ეს არის ის მთავარი ფაქტორები, რითაც ქართველი მწარმოებლები სურსათზე მაღალ ფასნამატს ხსნიან.

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა კომისიამ კიდევ 15-მდე ადგილობრივ მეწარმეს მოუსმინა, რომლებმაც არასამართლიან პირობებზე და შესაძლო გაკოტრების საფრთხეებზე ისაუბრეს. კერძო სექტორის თხოვნაა, რომ შეზღუდვების მოსახსნელად ქსელურ მაღაზიებს საკანონმდებლო რეგულაციები დაუწესდეთ. მათ შორის იგულისხმება ე.წ. ქეშ-ბექზე ზედა ზღვარის დაწესება. შემდეგი შეხვედრა უკვე დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან იგეგმება. სურსათზე მაღალი ფასების შესამცირებლად კონკრეტული მექანიზმების, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებას არც მთავრობა გამორიცხავს.