ფარული ჩანაწერები - პოლიტიკური შეფასებები

რუსეთის ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების პროცესში და „პარაზიტად“ წოდებული ოპოზიცია – დღის მთავარი თემა ფარული აუდიო ჩანაწერია, რომელშიც სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია საუბრობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული მასალა, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, დიდი ალბათობით საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამდეა ჩაწერილი. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ დედა, შვილის დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მთავარი კი ის ნაწილია, სადაც ალასანია რუსეთის ფაქტორს და პოზიციას განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს. ამავე მასალაში გიული ალასანია მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას. მიხეილ სააკაშვილის დედა 2021 წელს ძმასთან ერთად კიევში ჩასვლას და შვილის გადარწმუნების მცდელობას ადასტურებს, თუმცა ჩანაწერის ნამდვილობას უარყოფს. მასალის გაცნობის შემდეგ თავშეკავებული აღმოჩნდნენ ოპოზიციური პარტიები, განსხვავებით მმართველი გუნდისგან. „ქართულ ოცნებას“ საუბრის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება და მის გავრცელებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უკავშირებს, რომელიც მოახლოებული შიდა არჩევნების წინ თავადაც ფარული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა.