ფარულ აუდიოჩანაწერებზე დაწყებული გამოძიება

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერის საქმე. თუ პროკურატურის განცხადებას დავეყრდნობით, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ მიერ გუშინ გავრცელებული აუდიომასალა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ციხიდან შანტაჟის გზით გამოატანინეს და გაავრცელებინეს.

გამოძიება ახლა ცდილობს დაადგინოს, ვინ ჩაწერა საუბარი და ვის სურდა მისი გავრცელება. სავარაუდოდ, გლდანის ციხეში ჩაწერილი დიალოგი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ყოფილ თანამშრომელ დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარეობს.

ჩანაწერში სუბელიანი საუბრობს გახმაურებული საქმეების გახსნაში მის როლზე, მოწმეებზე ზეწოლაზე და 50-კაციან პირად დაჯგუფებაზე.

ნახსენებია რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის გვარიც. ჩანაწერის მიხედვით, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამას, რომელიც ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამოა დაკავებული, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს.