ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ერევანში

ფართომასშტაბიანი აქციები ერევანში –  პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატის კენჭისყრა პროტესტის ფონზე იწყება. საკანონმდებლო ორგანოს წინ კი დაძაბულობა მატულობს. სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით,  29 დემონსტრანტია დაკავებული. სამართალდამცველები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, რომ მომიტინგეებთან დისტანცია დაიცვან. ოპოზიციური პარტია „ელქის“ ლიდერი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი, მომხრეებს ერევნის ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდებს.

სომხეთის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი შეკრებების თავისუფლების შესახებ” პოლიციას აძლევს უფლებას მიტინგი სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაარბიოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია მზად არის, ნებისმიერ დროს შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ერევნის ცენტრში მომიტინგეებს ამირიან-მაშტოცის ქუჩების კვეთა ავტობუსით აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეები საფრანგეთის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ყოფილი პრეზიდენტის,სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებენ.