ფარცხალაძეს სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
ოთარ ფარცხალაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მოტივად ყოფილ მთავარ პროკურორსა და ბიზნესმენს შორის ბიზნესთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება. პროკურატურა ბრალდებას არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის ფარცხალაძის წინააღმდეგ მოკლულის მეგობრების მიერ მიცემული ჩვენებებით ამყარებს. გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება დაცვის მხარე, ბრალს არ აღიარებს ექს-მაღალჩინოსანი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა ცხადდება. გავრცელებული ცნობით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ცხრათვიანი გამოძიების შემდეგ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია – გამოძიების ვერსიით, სწორედ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გაუწია ორგანიზება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა, მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
რეზონანსული საქმის ფიგურანტები და მთავარი მტკიცებულებები – რეზი ხუციშვილი დეტალებით.