პოლიტიკური შეფასებების თემაა ფარა-ს მოთხოვნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია „რეფორმატიკსმა“ აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც 600 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ნიკა გილაური „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ კავშირში არ იმყოფება. პარტია „გირჩი“ კი არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა პოლიტიკურ ლობიზმს ხმარდებოდეს. პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. ამ საკითხს ნიკა გილაურიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და დაადასტურა, რომ კომპანია „რეფორმატიკსი“ თანამშრომლობს „კონტინენტალ სტრატეჯისთან“ და ხელშეკრულების გაფორმების დროს მისთვის ცნობილი იყო, რომ შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდებოდა. ნიკა გილაურის თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა იმ მიზნით, რომ კომპანია დაეხმაროს „რეფორმატიკს“ მისი მთავარი მიზნის მიღწევაში – სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში, ამ რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში ამერიკასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ როდესაც გამოჩნდა მისი ორგანიზაციის მიერ ლობისტური საქმიანობისთვის გადახდის ფაქტი, ფიქრობენ, რომ კვლავაც შეეცდება სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების დახმარებით შიდა საქმეებში ჩარევას.