FARA-ს მასალები - „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები  

ამერიკაში უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ხდება.

იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებიც აშშ-ში ლობისტური საქმიანობით არიან დაკავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული კომპანიაც იძებნება. „ნელსონ მალინსს“ ქართული ოპოზიციური პარტიისგან 360 000 დოლარი აქვს მიღებული. საქმიანობის მიმართულებებად სახელდება ამერიკის მთავრობასთან ადვოკატირების გაწევა, რჩევების გაცემა, პოლიტიკური ძალის დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერა და ხელახალი არჩევნების მიღწევაში დახმარება. თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ლობისტური აქტივობებით დეზინფორმაციის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსება ხდებოდა. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია გამოქვეყნებული მასალების იმ ნაწილმა, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტური კომპანიიდან თანხა „ქართული ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით გამორჩეულ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონსაც აქვს მიღებული. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების, კონგრესის ქვედა პალატის მიერ საკმაოდ მწვავე შინაარსის რეზოლუციის მიღების და ოფიციალური თბილისის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის ფონზე „ფარას“ გასაჯაროებული დოკუმენტების შინაარსი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.