უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა - შვედური მოდელი

ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნით მიღებული კანონის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება. საკითხი პოლიტიკოსების დღის წესრიგში ამჯერად შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გაააქტიურა. მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა განცხადება, რომლის მიხედვით, შვედეთის ხელისუფლება ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას გეგმავს. საქმიანობების ჩამონათვალში მითითებულია ისლამიზმი, ექსტრემიზმი და ანტიდემოკრატიული ინტერესები. სპეციალური გამომძიებლისთვის გაცემული დავალებები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური სტოკჰოლმის მიმართ დამატებით კითხვას უჩენს: რატომ შეფასდა მსგავსი შეზღუდვების ინიცირების ფონზე შვედეთიდან საქართველოში სამი დღის წინ ამოქმედებული ე.წ. ფარას ქართული ანალოგი რეპრესიად. მმართველი პარტიიდან დღეს შვედეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უთხრეს, ქვეყანაში რადიკალური პროცესების დაფინანსება სწორედ შვედური ორგანიზაციებიდან ხდება. ყოფილი პრეზიდენტის მიერ შვედეთის პრემიერისგან მიღებული წერილის შინაარსის გასაჯაროებამ რიტორიკა კიდევ უფრო გაამძაფრა.