პოლიტიკური სპექტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ვებ-პლატფორმა ფაქტ-მეტრის შეფასებას ეხმაურება. პლატფორმა სიმართლედ აფასებს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომ არ დაფიქსირებულა სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც კი. დასკვნის მიხედვით, სანქციების დარღვევის კონკრეტული შემთხვევა არ გამოვლენილა და არც ბრალდების დამადასტურებელი ირიბი მტკიცებულებები არსებობს. რუსეთთან პირდაპირი ფრენები კი სანქციების დარღვევას არ ნიშნავს, თუმცა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. დასკვნაში საუბარია ოთარ ფარცხალაძის საქმეზეც. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სანქციების დარღვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცალსახაა, რომ ამის მიღმა არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და მითითებები დარღვევებზე. პარტია „გირჩი“ კი აცხადებს, რომ ვიდრე არ დამტკიცდება, რომ ხელისუფლება რაიმე სანქციას უერთდება და არ ასრულებს, იქამდე მათ სანქციის დამრღვევს ვერ უწოდებენ.