„ფაინენშალ თაიმსი“ უკრაინის „სამშვიდობო გეგმის“ ახალ დეტალებს აქვეყნებს
„ფაინენშალ თაიმსი“ უკრაინის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაიამიში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. „ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ახალი გეგმა, კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს. წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის პროექტი მოითხოვს უკრაინისგან დონბასის დარჩენილი ნაწილის, მათ შორის კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებული ტერიტორიების გადაცემას, ასევე შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებასაც. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, გეგმა ითვალისწინებს რუსული ენის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარებას უკრაინაში და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. პარალელურად, გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო წინადადების“ განხილვით.