ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

ევროვიზია 2024-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა. სატელევიზიო პრემიერა კი ტრადიციულად პირველ არხზე შედგა. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.