ევროვიზია 2022

ევროვიზიის რიგით 66-ე კონკურსი იწყება.

იტალიის ქალაქ ტურინის „პალა ოლიმპიკოს“ დარბაზში დღეს პირველი ნახევარფინალური ტური ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. დღესვე გაირკვევა იმ 10 ქვეყნის ვინაობა, რომლებიც 14 მაისს ევროფესტივალის ფინალში იმღერებენ. რაც შეეხება ქართველ მონაწილეებს, ჯგუფ „სირკუს მირკუსს“, სიმღერით „ლოქ მი ინ“, მაყურებელი მეორე ნახევარფინალში 12 მაისს იხილავს. სწორედ 12 მაისს გახდება ცნობილი 25-ივე ფინალისტის ვინაობა.

ევროვიზია 2022-ს გასული წლის გამარჯვებული ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. „პალა ოლიმპიკოს“ დარბაზში დღეს 13 300 მაყურებელს ელიან. შოუზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ევროვიზია იტალიაში მესამედ ტარდება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე დღეს, ზუსტად 23 საათზე დაიწყება.