ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. განცხადებაში ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია,“- ნათქვამია განცხადებაში.
ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი. „ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს“,- წერია განცხადებაში.