ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოში ხვალ ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. დოკუმენტის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს ლეგიტიმურობის დასადასტურებლად. „ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.
თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები ხვდებიან“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტს თბილისში პოლიტიკური სპექტრი აფასებს.