ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეხვედრა ოპოზიციასთან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა დილიდან შეხვედრები გამართეს ოპოზიციასთან. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ქვეყანაში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს პროტესტის ფარგლებში დაკავებებსა თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. არჩევნებში ბარიერგადალახულ სამ ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრები გაიმართა სასტუმრო „რედისონში“, რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას სახლში ესტუმრნენ. „შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.