ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

სტრასბურგიდან ქართული პოლიტიკური სპექტრი მნიშვნელოვან გზავნილებს და მოწოდებებს იღებს.

პოლარიზაციის შესამცირებლად დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ბოიკოტის ნაცვლად პოლიტიკურმა პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლოს, – ეს ის პოზიციაა, რომელიც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამომსვლელმა ევროპელმა დეპუტატებმა დააფიქსირეს. განხილვის და დებატების თემაა საქართველოზე მომზადებული ორი ანგარიში. ერთი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება, მეორე კი მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია. ბელგიელი დეპუტატის, ტინი კოქსის ავტორობით არჩევნებზე მომზადებული დასკვნის შინაარსს მეტწილად ყველა იზიარებს, თუმცა გაისმა ცალკეული მწვავე და ნეგატიური შეფასებები, ასევე მითითებები კონკრეტული ხარვეზების და დარღვევების გასწორებაზე. ანგარიშის მომხსენებელი დეპუტატი ყველა სადავო საჩივრის გადამოწმების მომხრეა.

ანა ბროლაძე ადევნებს თვალს სტრასბურგში მიმდინარე ზამთრის სესიას, რომელზეც ქართული დელეგაციაც არის წარმოდგენილი.