ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია იხსნება

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია იხსნება. სტრასბურგში ქართული დელეგაციაც იმყოფება, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხელმძღვანელობს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია იქნება პრინციპული და ქართული მხარე მკაფიოდ დააფიქსირებს ნეგატიურ პოზიციას ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების თაობაზე.

დღეს დილით ქართული მხარე კონსულტაციებს გამართავს უკრაინასთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, თუ რა ფორმით მიმართავენ ევროსაბჭოს რუსეთის დელეგაციის დაბრუნების მოწინააღმდეგე  ქვეყნები. ასევე, საქართველო და აღნიშნული სახელმწიფოები პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინას, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ელიზავეტა იასკო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას სტუმრის სტატუსით მიიღებს.