ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია შეფასებების თემაა თბილისში. დოკუმენტს, სადაც მწვავე კრიტიკაა სახელისუფლებო გუნდის მიმართ, მხარი 89 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ იყო სამი. რეზოლუცია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას გმობს და მთავრობას მოუწოდებს, რომ შეასრულოს წინა რეზოლუციაში ასახული რეკომენდაციები. მწვავედ არის გაკრიტიკებული ბოლო თვეებში მიღებული კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ასევე შურისძიებად არის შეფასებული დემონსტრანტების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება. რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებენ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები და ფიქრობენ, რომ ამით ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. მმართველი გუნდისთვის კი დოკუმენტი უსამართლო და არგუმენტებს მოკლებულია. შეგახსენებთ, მანამდე ევროსაბჭოს ასამბლეამ ქართველი დეპუტატების მანდატები კონკრეტული დათქმებით ცნო, თუმცა, ისინი ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დეპუტატებმა მანდატებზე უარი თავადვე თქვეს.