ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

სამი თვის შემდეგ სტრასბურგიდან მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც, იანვრის მსგავსად, საკმაოდ მკაცრ ფორმულირებებს და მძიმე შინაარსის ჩანაწერებს მოიცავს. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში ვითარება უარესდება, რეკომენდაციები კი არ სრულდება. მწვავედ არის გაკრიტიკებული ბოლო თვეებში მიღებული კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და შურისძიებად არის შეფასებული დემონსტრანტების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება. მოწოდებაა, რომ ახალი არჩევნების დასანიშნად ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადობასთან ინკლუზიური დიალოგი დაიწყოს. რეზოლუციის პროექტის კენჭისყრას წინ არანაკლებ მწვავე დებატები უძღოდა, რა დროსაც გამომსვლელებს შორის პოზიციები გაიყო. ხელისუფლების მიმართ კრიტიკასთან ერთად გაკეთდა განცხადებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ. დებატებს თვალს არ ადევნებდა ქართული დელეგაცია, რომელმაც სამი თვის წინ უფლებამოსილების დათქმებით ცნობის გამო საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. მმართველი გუნდი რეზოლუციის ავტორებს ორმაგ სტანდარტებსა და არასამართლიან მიდგომებზე მიუთითებს.