ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, მთავარია, პარტნიორებმა იციან ყველაფერი სააკაშვილის საქმის შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია: „ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს დაამტკიცა.