ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების გზავნილები

21:19, 20.11.2025

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების კრიტიკული შინაარსის განცხადებას, ოფიციალური თბილისის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

მმართველი გუნდი, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის შეფასებებში, ბრიუსელის სურვილს ხედავს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, მისთვის სასურველით ჩაანაცვლოს. კრიტიკულ გზავნილებს არ იღებენ მმართველი პარტიის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც თანამომხსენებლებს პირადად შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „ქართული ოცნება“ ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან ელის პასუხს კითხვაზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები, რის გამოც უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და გრანტების შესახებ კანონები მიიღეს და ადმინისტრაციული კოდექსი გაამკაცრეს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ევროპელი თანამომხსენებლების შეფასებას სრულად იზიარებს ოპოზიცია და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პასეს დელეგაცია საქართველოში 10-12 ნოემბერს იმყოფებოდა. ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულად, რეზონანსული კანონები კი ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ცხადდება.

მსგავსი