გაუხანგრძლივებს თუ შეუჩერებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დელეგაციას მანდატებს? – ეს სავარაუდოდ დღეს, სტრასბურგში გაირკვევა, სადაც სესიის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. ქართული ოპოზიცია კრიტიკული რეზოლუციის მოლოდინშია, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს მოთხოვნა არასამართლიანია, თანაც იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის თქმით, გაყალბების რაიმე მტკიცებულება მათთვის ამ დრომდე არავის წარუდგენია.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგაზაფხულო სესიაზე ქართველი დეპუტატების მანდატები ცნო, თუმცა იმის გამო, რომ იმავე სესიაზე მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება და დათქმები ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი იყო, მმართველმა პარტიამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა.