ევროსაბჭოს რეზოლუცია

ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციას საქართველოში ისევ სხვადასხვა ინტერპრეტაციით კითხულობენ.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებული დოკუმენტი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულებას ეხება. საუბარია პროგრესზეც, თუმცა არის შენიშვნები და მწვავე შინაარსის ჩანაწერებიც. საპარლამენტო ასამბლეა მთავარ გამოწვევად პოლარიზაციის მაღალ ხარისხს მიიჩნევს. პრობლემურ თემებადაა დასახელებული სასამართლო რეფორმა და მედია-გარემო, რასთან დაკავშირებითაც ავტორებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ. 2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება და რეფორმებზე კონცენტრირებაა. რეზოლუციის წაკითხვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილს კანდიდატის სტატუსის მიმართ პესიმისტური პროგნოზი გაუმყარდა, ხელისუფლება კი იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს გაემიჯნა.