ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“ ეხება. მას მხარი დაუჭირა 101-მა წევრმა, 10 წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო. „ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა დემოკრატიის სწრაფმა და დრამატულმა გაუარესებამ სულ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე საქართველოში. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც უარყოფილ იქნა ყველა ოპოზიციური პარტიის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემების გამო და ამის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა“, კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) სადავო მიღება მოხდა“. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაციამ მათ შორის ადგილობრივ დონეზე გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა“. დელეგაცია აღნიშნავს, რომ „სწორედ ამ ხარვეზებმა და გამოწვევებმა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაუკარგა ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რამაც დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს უშლის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების სანდოობას და სინამდვილეში, ეს რისკს უქმნის სიტუაციის გამწვავებას“. – ნათქვამია რეზოლუციაში.