სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, ეს არის მთავარი, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
აზედა როიჰანმა ბერსეს ჰკითხა: იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს, საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, გკითხავთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? არის კი ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში?
ბერსეს განცხადებით, საქართველოში ვიზიტისას კარგი დისკუსიები ჰქონდა და დაბრუნების შემდეგ აქვს კარგი შთაბეჭდილება ამ დისკუსიების შესაძლო განვითარების შესახებ. ბერსეს თქმით, ახლა საჭიროა მეტი კონტაქტი და მუშაობის გასაგრძელებლად უნდა მისცენ შანსი დიალოგს. მისივე განცხადებით, აპირებს, დაუკავშირდეს მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს.