ევროსაბჭომ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში დააბრუნა  

რუსეთმა ევროსაბჭოში ხმის უფლება დაიბრუნა.

118 მომხრე, 62 წინააღმდეგი, – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. ბელგიელი დეპუტატის, პეტრა დე სუტერის რეზოლუციის პროექტის გარშემო, სტრასბურგში დებატები 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რეზოლუციის მოწინააღმდეგეებმა რუსეთი ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების მომხრეთა რიცხვი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, რასაც დარბაზში უკრაინის და საქართველოს დელეგაციების პროტესტი მოჰყვა.

უკრაინის დელეგაცია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მიიღოს. რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.