„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა 

წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთობა ვერ შედგა. თბილისისგან გასხვავებით, რეგიონებში ოპოზიური პარტიები საერთო საარჩევნო სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა მაჟორიტარების გარშემო კოორდინაციის და საერთო კანდიდატების დასახლების ნაცვლად, ცალ-ცალკე მოქმედების ტაქტიკა არჩიეს. შეთავაზებაზე რამდენიმედღიანი ლოდინის და „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიღებული უარის შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ 14 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიამ არჩევანი ძირითადად ძველ სახეებზე და გუნდის ლიდერებზე გააკეთა. მათ შორის არიან გიგი უგულავა და გიგა ბოკერია, რომელთაგან ერთი ზუგდიდში, მეორე კი ფოთი-ხობი-სენაკში იყრის კენჭს. უკვე ცნობილია, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა რეგიონებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებს კონკურენტები სხვა ოპოზიციური პარტიებიდანაც ეყოლება.