„ევროპული საქართველოს” ინიციატივა

მწვავე პოლიტიკური უთანხმოება გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მიერ დაწერილი დადგენილების პროექტმა. ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ევროინტეგრაციის კომიტეტმა დოკუმენტი ჩააგდო.

სამპუნქტიან პროექტში ავტორები ითხოვენ, ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაც“ შევიდეს, ასევე, ამერიკამ და ევროკავშირმა სანქციები შემოიღოს ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას წარმართავენ, 2008 წლის შეთანხმების შესრულება კი რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში შევიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტის განხილვის დროს დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტი აგრესიულ ფსევდოპატრიოტიზმად და მავნე ინიციატივად შეაფასა. მმართველმა გუნდმა დღეს ოპონენტებს რუსეთისგან მოსალოდნელ იმ საფრთხეებზეც მიუთითა, რომლებიც პროექტის დამტკიცებას, შესაძლოა, მოჰყვეს.