„ევროპული საქართველოს“ ბრალდება

„ევროპული საქართველო“ არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობებზე საუბრობს. ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკუთარი აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა, ამომრჩევლებს კი აიძულებენ გახსნილი ბიულეტენით გამოვიდნენ და მათ თავიანთი არჩევანი აჩვენონ. პარტიაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნებზე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, პარტია იმ უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ფოტომასალა წარმოადგინეს, სადაც პროდუქტები ჩანს. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოზურგეთში მმართველი გუნდი ხმების სანაცვლოდ ბოსტნეულის დარიგებას იწყებს.

გოგორიშვილის განცხადებას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დადასტურების შემთხევაში, მკაცრი რეაგირება იქნება. „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ოზურგეთის მერია. უწყების ინფორმაციით, ეს არის მუნიციპალიტეტის მიერ საბავშვო ბაღების ბენეფიციარებისთვის, კანონმდებლობის სრული დაცვით შესყიდული საკვები პროდუქტი, რომელიც პერიოდულად, პანდემიის პერიოდში ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს გადაეცემათ და აღნიშნულს არავითარი კავშირი  არ აქვს საპარლამენტო არჩევნებთან.