„ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს ფრაქციის სხდომაზე იბარებს

„ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს ფრაქციის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით იბარებს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ ბატიაშვილის უწყება სკოლების დირექტორებისგან და პედაგოგებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მოპოვებას პოლიტიკური ზეწოლით ცდილობდა.

მმართველი გუნდის ოპონენტები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ სკოლის შესამოწმებლად განათლების ინსპექციის სამმართველოს შესვლას.

განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, 9-15 ნოემბრის პერიოდში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.

სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.