„ევროპული საფრთხე“ – მოსმენა აშშ-ს კონგრესის კომიტეტში
ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გაუარესებული ურთიერთობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა ხდება ამერიკის კონგრესში მომზადებული დოკუმენტი.
წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის მთავარი გზავნილია, რომ ევროკომისია ცენზურის მიმართ ერთგული რჩება და ევროპის მასშტაბით ყველა არჩევნებში ერევა. შინაარსის აგრესიული ფორმებით დაცენზურება, რეალური ინფორმაციის შეცვლა სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით, ცენზურის ფორმების სხვა ქვეყნებში დანერგვა – საგამოძიებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რისთვისაც სოციალური მედიის მთავარ პლატფორმებს იყენებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელი განსაკუთრებით აქტიურდება სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების დროს. მათ შორის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც. დასახელებულია კონკრეტული მაგალითიც. შეზღუდვები, რომლებზეც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დოკუმენტში საუბარია იმ გზებზეც, რომლითაც ამერიკული კომპანიების მფლობელობაში არსებულ მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე ევროპული სტრუქტურები ზემოქმედებენ.