ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი

12:26, 07.03.2025

ევროპა თავდაცვის ახალ მექანიზმზე თანხმდება. ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროპული თავდაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ფინანსური და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ აღჭურვილი, რათა იმოქმედოს და გაუმკლავდეს დამოუკიდებლად არსებულ და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360-გრადუსიანი მიდგომით“. ევროპული საბჭოს შეფასებით, „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის“. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, გააქტიუროს მუშაობა თავდაცვის ბიუჯეტების გასაზრდელად და წარმოადგინოს ახალი წინადადებები. კერძოდ, ევროკომისიამ დააანონსა წინადადება 150 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფის შესახებ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება უზრუნველყოფილი. საბჭოს დასრულების შემდეგ დასკვნა გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებითაც. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი კვლავ „მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ ხუთი ძირითადი პრინციპი განსაზღვრა – „უკრაინის გარეშე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები უკრაინაზე”, – წერია დოკუმენტში და ასევე აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩართულობის გარეშე არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ უსაფრთხოებაზე“. ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30 მილიარდ ევროზე მეტს გამოუყოფს, საიდანაც 12 მილიარდ ხუთასი მილიონი ევრო იქნება უკრაინის ფონდიდან, ხოლო 18 მილიარდი ევრო დიდი შვიდეულის ინიციატივიდან, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით დაფინანსდება. თუმცა აღნიშნულ დასკვნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი