ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრები

საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ ბოიკოტი შეწყდა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს პარლამენტში მივიდა. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების დასრულებისთანავე შარლ მიშელმა შეთანხმების ხელმომწერ პოლიტიკურ ლიდერებთან სასაუბროდ სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტების“ ლიდერთა გარდა, პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა შეიკრიბა. თუმცა იქ იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიით გასული დეპუტატები: შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი, ასევე სალომე სამადაშვილი, რომელმაც  შეთანხმებას ხელი არა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, არამედ ინდივიდუალურად მოაწერა. დოკუმენტზე ხელმოწერა არის კარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, – ასეთია შარლ მიშელის გზავნილი.