ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ღირსების რევოლუციის დაწყების 10 წლისთავის აღსანიშნავად კიევში ჩავიდა. კიევში ასევე იმყოფება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მან უკრაინის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, პატივი მიაგო ღირსების რევოლუციის დროს დაღუპულთა ხსოვნას. როგორც სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, მას კიევში დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსიკისთან და შარლ მიშელთან. ამასთან, დილით უკრაინის დედაქალაქს გერმანიის თავდაცვის მინისტრიც ეწვია. გერმანიის თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტი არის უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერის დადასტურება. 21 ნოემბერი უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღედ არის გამოცხადებული. 2013 წლის ამ დღეს ევრომაიდნის სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.