ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განახლებული წესებით, ევროკავშირი უფრო ეფექტურად შეძლებს რეაგირებას ისეთ სიტუაციაზე, როდესაც „უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ბოროტად არის გამოყენებული ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს“. კერძოდ – შეთანხმებაში საუბარია დამატებით ოთხ ახალ მიზეზზე, რომელიც შეიძლება, იქცეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძვლად. ესენია – მესამე ქვეყნის პოლიტიკის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, მესამე ქვეყანაში მოქმედი ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, ჰიბრიდული საფრთხეები ან დოკუმენტების უსაფრთხოების პროცედურებში არსებული ნაკლოვანებები და ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ამასთან, პრესრელიზში წერია ისიც, რომ ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს სურთ, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების მექანიზმის მოქმედების ვადა 9 თვიდან 12 თვემდე გახანგრძლივდეს და ის შეიძლება, გაგრძელდეს დამატებით 24 თვით, ამასთან ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, გააუმჯობესონ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების მექანიზმი იმგვარად, რომ რიგ შემთხვევებში მისი გახანგრძლივებული 24 თვიანი ვადა შეეხოს არა მთელ მოსახლოებას, არამედ მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებების და საგარეო ვალდებულებების დარღვევაზე.