ევროპული პოლიტიკის ორმაგი სტანდარტი 

21:09, 24.02.2026

ახალი სასანქციო პაკეტი დიდი ბრიტანეთიდან.

დასანქცირებულია ორი ქართული კერძო ტელეკომპანია. უკრაინის ომზე და ხელისუფლებაზე დეზინფორმაციის გავრცელების და დესტაბილიზაციის ხელშეწყობის არგუმენტით, გაერთიანებულმა სამეფომ „იმედს“ და „პოს-ტივის“ სანქციები დაუწესა. ეს ნიშნავს ბრიტანეთში არხის ფინანსური აქტივების გაყინვას. გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა გონივრული ეჭვით ხსნის. ეს არ არის გაერთიანებული სამეფოდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული პირველი მსგავსი გადაწყვეტილება. 2024 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ოფიციალურ ლონდონს სავიზო და ფინანსური სანქციები უკვე ამოქმედებული აქვს ცალკეული ქართველი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და მედიაზე ზეწოლა – ასე ფასდება ხელისუფლების მხრიდან დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნაბიჯი. ოფიციალურ ლონდონს დღეს 2007 წლის ნოემბერში „იმედის“ დარბევა და მაშინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების დუმილი შეახსენეს. კმაყოფილია ოპოზიცია. სანქციების კონტექსტში გამაფრთხილებელი გზავნილი გაისმა ბრიუსელიდანაც. ირკვევა, რომ სანქციების სამიზნედ განიხილება ყულევის ტერმინალიც. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ თბილისს, მათ შორის ყულევთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მკაცრად დაცვის დასადასტურებლად ევროპელი პარტნიორებისთვის დეტალური ინფორმაცია აქვს მიწოდებული, ირკვევა, რომ ევროკავშირის გუშინდელ მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის ტერმინალის დასანქცირებაც იყო გათვალისწინებული. თუმცა ორი ქვეყნის წინააღმდეგობის გამო პაკეტი ჩავარდა.

მსგავსი