ევროპული დემოკრატია და საქართველო 

შიდა პოლიტიკური მღელვარების და პროტესტის ფონზე ევროპის ქვეყნებიდან ტონიც სულ უფრო მკაცრდება.

ოპოზიცია სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციას და ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას აცხადებს. თუმცა ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებზე თუ მიღებულ სადავო კანონებზე დასავლელი ლიდერების მწვავე შეფასებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან. ის, რაც საერთაშორისო პარტნიორების ადეკვატური რეაქციაა ოპოზიციისთვის, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და ორმაგი სტანდარტის მოქმედებებად ფასდება ხელისუფლების მხრიდან. ორმაგ სტანდარტებზე მინიშნებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გახშირდა. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად საფრანგეთის სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილება სახელდება.